თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც Facebook-სა და Youtube-ზე განთავსებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას ეხება.
იურისტი სერგი ჯორბენაძე, რომელმაც სარჩელი მოამზადა, ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო დავაა - ქართული სასამართლო მსგავს მოთხოვნას პირველად განიხილავს.
ჯორბენაძე განმარტავს, რომ ის იცავს ადამიანს, ვის მიმართაც სწორედ ფეისბუქით და იუთუბით გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადება, თუმცა, დეტალებზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობს.
მოსარჩელეები სასამართლოს საშუალებით ითხოვენ, რომ მან, ვინც ეს განცხადებები გააკეთა, იმავე გზებით გაავრცელოს საპირისპირო, უარმყოფელი განცხადებები.
ამასთან, ეს უნდა მოხდეს გარკვეული პირობებით:
- "მოვითხოვეთ, რომ ამ უარყოფასთან ერთად ამ ადამიანმა უარყოს იმავე საშუალებთ, აბსოლუტურად იმავე გარემოებებით.
- მაგალითად, თუ ცილისმწამებლური პოსტი გააზიარა სურათით, უარყოფის დროსაც იგივე სურათი დადოს.
- თუ ეს პოსტი იყო საჯარო, ანუ public და არა მხოლოდ მეგობრებისთვის, ახალი პოსტიც დაიდოს საჯაროდ და 3 წლის განმავლობაში არ გადაიყვანოს არც only me-ზე და არც მეგობრებზე.
- წაშალოს ძველი, ცილისმწამებლური პოსტი - არსებობს ლუქსემბურგის პრაქტიკა - "დავიწყების უფლება" და აქედან ამოვედით. თუ სასამართლო ცილისწამებას დაადგენს, ასეთი ინფორმაცია უნდა წაიშალოს.
- მოთხოვნაა, რომ უარყოფის პოსტს, რასაც განათავსებს, არ წაშალოს 3 წლის განმავლობაში. ასევე, არ უნდა წაშალოს ფეისბუქის მეგობრების 30%-ზე მეტი. თუ ცილისწამების მომენტში ყავდა 1000 მეგობარი, შემდეგ წაშლა და 200 დარჩა, იმავე შედეგს ვერ მივიღებ. თავიდან სასამართლოსთვის ამისი ახსნა რთული იყო, იმიტომ, რომ ამაზე კანონი არ არის და ვერც იქნება.
- მოთხოვნა არ გვაქვს, რომ არ წაშალოს ანგარიში, მაგრამ იგულისხმება, რომ პოსტი არ უნდა წაშალოს 3 წელი, შესაბამისად, ექაუნთის წაშლა უფლებამოსილების ფარგლებში აღარ ჩაჯდება. ჩვენ მივუთითეთ, რომელ ანგარიშზე უნდა განათავსოს ცილისწამების უარმყოფელი პოსტი, თუ წაშალა, ეს ხელს შეუშლის აღსრულებას". - ხსნის სერგი ჯორბენაძე.
იგივე მოთხოვნებია Youtube-ზე განთავსებულ მასალის მიმართაც.
ჯორბენაძე ამბობს იმასაც, რომ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით სასამართლო დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს აღსრულების პირობებს და ეს თავად მოსარჩელემ უნდა განსაზღვროს, მოსამართლე კი გადაწყვეტს, მას დააკმაყოფილებს თუ არა.
სარჩელი გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-13 და მე-14 მუხლების ( კერძო და საჯარო პირის ცილისწამება) და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლს (პირადი არაქონებრივი უფლებები) ეფუძნება.